Background image
Image description

SOKO.GE

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ტელ: 551 58 40 46 - 599 58 40 46

მისამართი: ა.წერეთლის 142ა "ჩემი მამული"

ელ-ფოსტა: SokoGeorgia@Gmail.com

Facebook.com/SokoGeo

Background image

ქამა სოკოს კულტივირება

   სპეციფიკური გემოსი და არაჩვეულებრივი არომატის, ამინომჟავებისა და ვიტამინების სრული კომპლექსის წყალობით ქამა სოკო პოპულარობითა და მსოფლიო წარმოების მოცულობით პირველ ადგილზე დგას.
   მოჰყავთ კომპოსტზე, რომელიც ნამჯისა და ცხენის ან საქონლის ნაკელის ნარევს წარმოადგენს. ახლა პრაქტიკაში ქათმის სკორესაც იყენებენ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნამჯა უნდა იყოს ახალი, ხოლო ნაკელი გადაუწვავი, რომლის შენახვის დრო 2 თვეს არ აღემატება.
   კომპოსტი მზადდება შემდეგნაირად: ბეტონის მოედანზე, რომელიც ქარისაგან და წვიმისაგან დაცული უნდა იყოს, ეწყობა ნაკელისა და ნამჯის ფენები ზვინებად. ამასთან, ნამჯის ფენა 30-35 სმ, ხოლო ნაკელისა 15-20 სმ უნდა იყოს. ერთი ტონა ნამჯისა და 400 კგ ქათმის სკორეს ნარევს ემატება 10-30 კგ ამონიუმის სულფატი. ზვინი, დაწყობის შემდეგ, ყოველდღე ირწყვება, რომ არ გამოშრეს. 
6-7 დღის შემდეგ კეთდება პირველი არევა, ისე, რომ გარეთა შრე შიგნით მოექცეს, ხოლო შიდა ფენა ზევიდან. არევის დროსაც ირწყვება.
   სუბსტრატის მომზადების მთელი პერიოდის განმავლობაში 2,5-3,5 ათასი ლიტრი წყალი იხარჯება.
არევა ხდება სულ 4-5-ჯერ. შემდეგ არევებს შორის ინტერვალი 3-4 დღეა.
   მესამე-მეოთხე არევისას ერთ ტონა ნარევს ემატება 20-60 კგ თაბაშირი.
   იმ შემთხვევაში, თუ კომპოსტირების ბოლოს სუბსტრატი ძალიან მშრალია, ირწყვება.
მზა კომპოსტი თავსდება ყუთებში, ტომრებში, თაროებზე, კვლებში, 20 სმ სიმაღლის ფენად. პირველი 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა კომპოსტში 40-50 C აღწევს. შემდეგ თანდათანობით მცირდება. როდესაც ჩამოიწევს 26-25 C-მდე, შეიძლება შევუდგეთ თესვას. თესვის ნორმა 1 მ კვადრატზე 500-700 გრ-ია.
   თესვა წარმოებს ორი მეთოდით: ზედაპირიდან 7-10 სმ სიღრმეზე მიცელიუმის მობნევით, ანდა კვადრატულ-ბუდობრივად; ყოველ 18 სმ-ში 5-7 სმ სიღრმეზე თავსდება 15-20 გრ მიცელიუმის ნატეხები.
   მიცელიუმის ზრდა-განვითარების პერიოდში სუბსტრატის ტემპერატურა 24-27 C-ია, ხოლო ჰაერის ტენიანობა 90-95% უნდა იყოს. ასეთ პირობებში მიცელიუმი 13-15 დღეში ვითარდება. კომპოსტში მიცელიუმის განვითარების შემდეგ ზედაპირზე თავსდება 2-4 სმ სიმაღლის საფარი ფენა, რომელიც ტორფისა და დოლომიტის (30%) ნარევს წარმოადგენს. მისი მჟავიანობა pH = 7,5-7,8 უნდა იყოს. სათავსოში ერთი კვირის განმავლობაში კვლავ იგივე პირობები უნდა დავიცვათ.
ნაყოფიანობის დაწყების წინ აუცილებელია სათავსოს ტემპერატურა შევამციროთ 15-16 C-მდე, ხოლო კომპოსტისა 17-19 C-მდე, რაც ვენტილაციის საშუალებით მიიღწევა. ჰაერის შეფარდებითი ტენი 85-90% უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო საფარი ფენისა 60-65%.
   ნაყოფსხეულების გამოჩენის შემდეგ მოვლა ითვალისწინებს მორწყვას 1 მ შეგროვილ 1 კგ სოკოზე 1 ლ წყლის ნორმით.
   ერთ ბუდეში 20-30 ცალი ნაყოფსხეული ვითარდება. ამასთან მოსავლიანობის რამდენიმე ”ტალღას” ვღებულობთ, სულ 5-7 ტალღა 50-60 დღეში. მოკრეფისას ნაყოფსხეულებს ოდნავ შემოვაბრუნებთ ფეხის ირგვლივ, რათა არ დავაზიანოთ მიცელიუმი.
   მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი სუბსტრატი საუკეთესო ნაზავია ნიადაგის გასამდიდრებლად.
სათავსოში ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა მავნებლები და დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ ურჩევენ პროფილაქტიკურ ღონისძიებას - პასტერიზაციას ორთქლის საშუალებით. აგრეთვე, კულტივირებამდე და მის შემდეგ ტარდება სათავსოს ფუმიგაცია ფორმალინით და ქლორშემცველი პრეპარატებით. ამუშავებენ აგრეთვე კალიუმის პერმანგანატით.
   ქვემოთ გთავაზობთ მთელი პროცესის სქემატურ სურათს:

             ქამა სოკოს კულტივირების სქემა

   კომპოსტის მოსამზადებელი მასალა → კომპოსტირება → პასტერიზაცია → თესვა → მიცელიუმის განვითარება კომპოსტში → საფარი ნარევის დამატება → მიცელიუმის განვითარება საფარ ნარევში → ნაყოფსხეულების ჩანასახების გამოჩენა → ნაყოფსხეულების განვითარება → მოსავლის აღება.



სასარგებლო ბმულები ქამა სოკოს კულტივაციაზე:

https://podvaldoma.ru/ispolzovanie/vyrashhivanie/shampinonov-v-podvale.html

http://bizzavod.ru/biznes-na-vyrashhivanii-shampinonov.html

https://mirfermera.ru/85-kak-vyrastit-shampinonu.html

 

Image description
Image description
Image description
Image description